ვითარება დმანისში კვლავ დაიძაბა – აგრესიულმა ადამიანებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს

დმანისში პოლიციისა და სპეცრაზმის დამატებითი ძალებია მობილიზებული. იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. სიტუაცია დმანისის შესასვლელთან კვლავ დაიძაბა – აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ცენტრისკენ მიემართებიან, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

პოლიციამ ქალაქში შესვლა–გამოსვლა რამდენიმე საათის წინ შეზღუდა. დმანისში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.

გომელაური და ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ

დღევანდელი დაპირისპირებისას შეკრებილები თავს დაეხნენ „პირველი არხის“ ჟურნალისტებს. ასევე დაშავდა „მთავარი არხის“ კორესპონდენტი. ღია აგრესიაა მიმართული აგრეთვე პოლიციის თანამშრომლების მისამართით.

ადამიანები პოლიციის შენობასთან მისვლას ცდილობენ, სადაც არეულობების დროს დაკავებულები იმყოფებიან. ისინი თავს იმ ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდამჭერ ჯგუფს უწოდებენ, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში გუშინდელი საღამოდან იმყოფებიან.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

დმანისში ვითარებას შსს აკონტროლებს

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა.

მდგომარეობის განსამუხტად ადგილზე იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც.