საქართველო პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს მიიღებს

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას 6 ათასზე მეტი მიკრო, მცირე და საშუალო კომპანია მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველო შეღავათიანი პირობებით მიიღებს 85 მლნ ევროს დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს>>

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიკრობიზნესისა და ასევე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 85 მლნ ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება 11 მაისს დაამტკიცა.

„პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტიანი საშუალება. ამას, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი განახორციელებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

მსოფლიო ბანკმა საქართველოში მცირე ბიზნესისთვის 85 მლნ ევრო გამოყო

„ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნეს-საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი დოკუმენტი „დახმარება და აღდგენა“ მთელ ქვეყანაში 6 ათასზე მეტ კომპანიას დაეხმარება, გაზრდის საწარმოების გადარჩენის შანსს, ხელს შეუწყობს საწარმოო აქტივების შეანრჩუნებასა და კომპანიებს ეკონომიკის ახალ გამოწვევებთან ადაპტაციაში დაეხმარება.

მსოფლიო ბანკის დახმარებით გაძლიერდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს მცირე საწარმოების დახმარებას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად. დახმარება გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის გრანტების კომპონენტს. შესაბამისად, მიკრო და მცირე კომპანიები ფულად თანხებს გრანტების სახით მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სწრაფი გადახდების ახალი სისტემის (IPS) შექმნას, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ამ საწარმოებისთვის ნაღდ ფულს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ციფრული ფინანსური მომსახურების გამოყენების გაფართოებას საქართველოში.