რაჭაში 29 წლის მამაკაცის მკვლელობა: ბრალდებულებს 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

2020 წლის 22 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 29 წლის ლასო აბუთიძე  ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოკლა.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. რაჭაში 29 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

2020 წლის 22 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს. აბუთიძე მასთან სტუმრად მყოფი გოგონების ნასვამი მამაკაცებისგან დაცვას ცდილობდა.

29 წლის ლასო აბუთიძესა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ 19 წლის ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აბუთიძე დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

რაჭაში 29 წლის მამაკაცი გაგუდეს: რა გახდა მკვლელობის მიზეზი

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლასო აბუთიძეს სოფელში კოტეჯი ჰქონდა, რომელსაც ტურისტებზე აქირავებდა. 29 წლის მამაკაცს, სავარაუდოდ, მისმა მდგმურმა ტურისტმა გოგონებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს, რადგან მათ კოტეჯის გვერდით მყოფი მუშები აწუხებდნენ. სწორედ მათ დაუპირისპირდა აბუთიძე. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობდა.