„კომენდანტის საათი“ აღიზიანებთ“ – მთავრობა შეზღუდვის გადახედვას გეგმავს

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ქვეყანაში ექვს თვეზე მეტია მოქმედებს. „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე გადაიხედება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

„ყველაფრის ერთბაშად გახსნა არ შეიძლება“ – ეპიდემიოლოგების მოსაზრება

ამჟამად ქვეყანაში როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა, 21:00–05:00 საათებში მოქმედებს ე.წ. „კომენდანტის საათი“.

„ბევრისგან საყვედური გვესმის, რომ „კომენდანტის საათი“ აღიზიანებთ. ჩვენ აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეკომენდაციები ექნება ჯანდაცვის სამინისტროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოში ტურისტების ნაკადი იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ეპიდვითარების ეფექტურად მართვა შეძლოს.