დაპირისპირება დმანისში: კონფლიქტის განმუხტვას პოლიცია ცდილობს

დმანისში არეულობა არ წყდება. ორშაბათს ადგილობრივი ჯგუფები ერთმანეთთან და პოლიციასთან დაპირისპირებას ცდილობდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვან ეკომიგრანტებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ის გახდა, რომ ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, მაღაზიაში შესულებმა მაღაზიის მეპატრონე სცემეს. გამოსასარჩლებლად ახალგაზრდები ორივე მხარეს გამოჩნდნენ. საბოლოოდ დაპირისპირებაში დაახლოებით ორი ათეული ადამიანი მონაწილეობდა.

ამჟამად პოლიციას ქალაქის შესასვლელები გადაკეტილი აქვს. დმანისში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.

დღევანდელი დაპირისპირებისას დაშავდნენ „პირველი არხის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები. ადგილზე შეკრებილები ასევე აგრესიულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლების მიმართაც.

ადამიანები პოლიციის შენობასთან მიღწევას ცდილობდნენ, სადაც არეულობის დროს დაკავებულები იმყოფებოდნენ. ისინი თავს უწოდებენ იმ ადგილობრივების მხარდამჭერთა ჯგუფს, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილებაში გუშინდელი ღამიდან იმყოფებიან.