მიქაუტაძემ ვალი მოიხადა და საფრანგეთში ბრუნდება. ვაკო ყაზაიშვილს სამხრეთ კორეაში შრომა დაუფასეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი გიორგი მიქაუტაძე ბელგიურ „სერენს“ გმირად მოევლინა და გუნდს ჟუპილერ ლიგის საგზური მოუტანა. მიქაუტაძის კლუბი „ბევერენს“ ორმატჩიან დუელში გაეჯიბრა. პირველ შემთხვევაში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „სერენის“ მხრიდან ამ ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ გიორგი იყო. რაც შეეხება მეორე, გადამწყვეტ შეხვედრას „სერენმა“ მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიშით 2:5 იმარჯვა. წარმატებაში ლომის წვლილი სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა შეიტანა, გიორგის ანგარიშზე აღნიშნულ მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
„შემიძლია ვთქვა, რომ გოლის გატანა დნმ-ში მაქვს. სიტყვები არ მყოფნის, საოცარი ამბავი მოხდა. მართლაც ძალიან გახარებული ვარ. ამ სეზონში ჩვენი ძალა ერთიანობაში იყო“, - ასე გამოეხმაურა ქართველი ფორვარდი უმაღლეს ლიგაში აღზევებას.
მიუხედავად წარმატებისა, დიდია ალბათობა, რომ მიქაუტაძე ბელგიაში აღარც ითამაშებს. ის ფრანგული მეცის საკუთრებაა და მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ის კლუბში ბრუნდება.
შუა ევროპიდან აზიის კონტინენტზე გადავინაცვლოთ, სადაც კარგი პერიოდი უდგას გამოცდილ ქართველ ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილს. ვაკო სამხრეთ კორეულ „ულსან ჰიუნდაიში“ სულ ცოტა ხნის წინ გადაბარგდა და ადგილობრივ გულშემატკივარს თავი მალევე შეაყვარა. ყაზაიშვილი კლუბის ქომაგებმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჩვენებურმა „ულსან ჰიუნდაის“ რიგებში შვიდი შეხვედრის ჩაატარება მოასწრო, რა დროშიც მან ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ვაკოს გუნდი სამხრეთ კორეის უმაღლეს ლიგაში 25 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ცხრილის ლიდერს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ „ულსაინ ჰიუნდაის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში ამ სხვაობას ერთ ქულამდე შეამცირებს.
„ბორჯღალოსნები“ ტესტ-მატჩებს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავენ
ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ რაგბში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა საქართველოს ნაკრებთან ტესტ-მატჩებს გამართავს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. ბოლოს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს სწორედ 2003 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და სანაქებო წინააღმდეგობაც გაუწიეს. „ქურციკებმა“ აღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 46:19 მოიგეს.
„ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონთან პირველი თამაშების გამართვის პატივი გვერგო, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებს“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ქართველი მორაგბეები 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებენ. ქართული რაგბის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრები ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს ტიერ 1-ის ნაკრებებთან გამართავს.
მიუხედავად სასიხარულო ამბებისა გავრცელდა სამწუხარო ინფორმაციაც. „ბორჯღალოსნებს“ აღნიშნულ მატჩებში რამდენიმე მორაგბე ვერ დაეხმარება. მათ რიგებს შეუერთდა მიხეილ ნარიაშვილიც, რომელმაც ფეხი მოიტეხა და ტესტ-მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საკადრო პრობლემებსა და ტრავმირებულ სპორტსმენებზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.
„ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა ივლისის ტესტებისთვის. ტრავმა უკვე მოიშუშა გიორგი ცუცქირიძემ და ის აუცილებლად გვეყოლება. ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი ამ პერიოდში რეაბილიტაციის დასრულებას ვერ ასწრებენ. ტრავმირებულია სოსო მათიაშვილი და ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მკურნალობა“, - განაცხადა მაისაშვილმა.
ქართველი მორაგბეების ნაწილი ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებს. მათ სხვა მოთამაშეები ეტაპობრივად დაემატებიან და მორაგბეებს დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ. 14 ივნისიდან კი, გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის სრულად შეიკრიბება და ტესტ-მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მოგებული ტურნირის შემდეგ ძალების მოკრებას ვერ ახერხებს. ქართველი რომის მასტერსს პირველივე ტურიდან გამოეთიშა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა რომის მასტერსის დაწყებამდე თიხის კორტების მეფესთან რაფაელ ნადალთან რამდენიმე ვარჯიში გამართა. თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლეგანდარულ ჩოგბურთელთან ერთობლივი წვრთნები საკმარისი არ აღმოჩნდა.
ნიკა მიუნხენში მოგებული ტურნირის შემდეგ თითქოს კარგ ფორმაშია, თუმცა გადაღლილობა მაინც დაეტყო. რომში პირველი მატჩი ჩვენებურმა მასპინძელ მატეო ბერეტინისთან გამართა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეცხრე ნომრად არის განთესილი და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი სეტის მოგება ანგარიშით 6:4 შეძლო, შემდეგ კი მატეოს უძლიერეს ჩაწოდებებს ვერაფერი მოუხერხა. აღსანიშნავია, რომ არც ბერეტინი იყო დასვენებული, რადგან 25 წლის იტალიელმა გასულ კვირაში მადრიდის მასტერსის ფინალში ითამაშა და გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან ურთულეს ბრძოლაში დამარცხდა. სწორედ ამის წყალობით მატეო რეიტინგში დაწინაურდა და მეცხრე პოზიციაზე აღზევდა.
მიუხედავად მარცხისა, იტალიის საუკეთესო ჩოგბურთელს ნიკას კარგი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია და გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარი მასზეც გააკეთა.
„ბასილაშვილმა ჩემზე დიდი ზეწოლა განახორციელა, თუმცა, ამას ველოდი. მასთან თამაში ყოველთვის რთულია. ის ბურთს ძალიან ძლიერად ურტყამს და მისი იერიშების მიმართულების გამოცნობა ძნელია. ქულების მოსაგებად დიდი ენერგიის დახარჯვა მიხდებოდა, თუმცა, სხვაგვარად თამაშის უფლება არ მქონდა“, - განაცხადა ბერეტინიმ.
უნდა ითქვას, რომ გერმანიაში წარმატებული თამაში დაუფასდა ნიკოლოზსაც. ის ATP-ს მიერ განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საუკეთესო 30 ჩოგბურთელში კვლავ გაერია.мо
ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის ცუდი სტარტი ნაცუ ბაშოზე
გასულ კვირას იაპონიაში სტარტი აიღო მაისის სუპერტურნირმა, სადაც ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც ასპარეზობს. ლევანისთვის ნაცუ ბაშო წარუმატებლად დაიწყო, მან პირველივე შეხვედრა იჩინოჯოსთან დათმო. ამის შემდეგ თითქოს ტოჩინოშინმა ძალები მოიკრიბა და ცურუგიშოსთან იორიკირის ილეთით გაიმარჯვა. აღნიშნული გამარჯვებით ლევანი დადებით ბალანსს მალევე დაუბრუნდა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ ლევანის საქმე არც თუ ისე კარგად წავიდა. ქართველი დოჰიოზე ჯერ ტაკარაფუჯისთან ოშიდაშის ილეთით დამარცხდა, რასაც ჰიდენოუმისთან წაგებული ორთაბრძოლა მოჰყვა. გორგაძეს მეხუთე საჭიდაო დღეს შანსი ჰქონდა დადებითი ბალანსისკენ ერთი ნაბიჯი გადაედგა, თუმცა ამის საშუალება მას ონოშომ არ მისცა. მეხუთე მაეგაშირა ონოშომ ქართველი სუმოისტი შეჯახებისთანავე დოჰიოზე დააგდო და საკუთარ აქტივში გამარჯვება ჩაიწერა. ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოს მეექვსე დღეს ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კაგაიაკი იორიკირის ილეთით დაამარცხა, თუმცა ეს წარმატება გარდამტეხი ვერ აღმოჩნდა და ლევანმა მეხუთე წაგება ენდოსთან გაიფორმა.
შედეგად ქართველი სუმოისტის აქტივში მიმდინარე ბაშოზე ორი გამარჯვება და ხუთი მარცხია, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი ლევანს დარჩენილი რვა შეხვედრიდან ხუთის მოგება მართებს.