საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კვიპროსის თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა

კვიპროსის კლუბმა ქართველი სპეციალისტის, თემურ ქეცბაიას თავკაცობით ბოლო 13 სეზონზე პირველი ჯილდო მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კვიპროსის თასის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი გახდა. საფინალო მატჩში „ანორთოსისმა“ მოუგო „ოლიმპიაკოსს“ ნიკოსიიდან.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ქვილითაიამ მეორე ექსტრა-ტაიმში გაიბრწყინა.

„ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მფლობელი მე-11-ედ გახდა. ბოლოჯერ ფამაგუსტას კლუბმა ჯილდო 14 წლის წინ მოიგო (2007/2008). აღსანიშნავია, რომ მაშინაც „ანორთოსისს“ სათავეში თემურ ქეცბაია ედგა.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 2009 წელს „ანორთოსისი“, ასევე ქეცბაიას მწვრთნელობით, ქვეყნის ჩემპიონი ბოლოჯერ გახდა. იმ დროიდან კლუბს არც ერთი ტიტული არ მოუგია. სასიამოვნოა, რომ ეს წარუმატებელი ჯაჭვი ქართველმა სპეციალისტმა გაწყვიტა.

ქვილითაიას გარდა, კვიპროსის თასის მფლობელი გახდა საქართველოს ნაკრების კიდევ სამი მოთამაშე: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი. ყველა მათგანი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და, დაუშვილის გარდა, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს, მოედანზე 120 წუთის განმავლობაში თამაშობდა.