ყაზახეთის მოქალაქის დაღუპვა: სასამართლომ მის ნათესავს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

გოგონას დაღუპვის შემდეგ მამაკაცმა, რომელიც ასევე მისი ნათესავია და იყო მისი დამსაქმებელი, საქართველო მალევე დატოვა
Sputnik

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევას დაღუპვის საქმეზე  აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ყაზახეთის მოქალაქე მურატ მეირბეკოვს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ყაზახეთის მოქალაქე გარდაცვლილი 5 მაისს თბილისში იპოვეს. მეორე დღეს პოლიციამ ზუგდიდელი ბესიკ თორდუა დააკავა 26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

ახლა გამოძიებამ გამოარკვია, რომ ჯერ კიდევ 28–29 აპრილს ასელ აიტპაევა ძალადობის მსხვერპლი გახდა მურატ მ–ს მხრიდან. გამოძიების მონაცემებით, ის სცემდა ქალს და ორჯერ გააუპატიურა ის.

ყაზახეთის მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილი: კიდევ ერთი ბრალდებული

თორდუას დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ პროკურატურამ ბრალი მეირბეკოვს დაუსწრებლად წარუდგინა. მას ბრალი გოგონას გაუპატიურების ორ ეპიზოდში და ცემის ფაქტზე ედება.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უკვე მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნის უფლება აქვს.

ყაზახეთის მოქალაქეს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პროკურატურა არ ასაჯაროებს დეტალებს, მაგრამ ქართულ მასმედიაში გამოარკვიეს, რომ მეირბეკოვი ასელის ნათესავია და ავტოფირმის დირექტორია, რომელშიც ქალი მუშაობდა.

მურატმა საქართველო ქალის დაღუპვის შემდეგ მალევე დატოვა.