„ნაციონალების“ გარეშე პარლამენტში უკეთესი იქნება - კობახიძე სააკაშვილის პარტიის ბოიკოტზე

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.
Sputnik

 

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში არ იქნება წარმოდგენილი, ეს ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება. 

ვითარება შეიცვალა: 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია არ გაიმართება

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს ბოიკოტს და უარს აცხადებს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობაზე. „ნაციონალებთან“ ერთად ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ევროპული საქართველო“, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა დააფუძნეს და „ლეიბორისტული პარტია“.

ამ პოლიტიკურმა ძალებმა უარი განაცხადეს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შემუშავებული კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ცალკეულმა წევრებმა, რომლებიც დამოუკიდებელი დეპუტატების სახით შევიდნენ პარლამენტში.

„ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია. ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის... შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ფრაქციები

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია იქნება, აღნიშნა კობახიძემ. 

„ლელომ“ პარლამენტში ფრაქცია შექმნა

 „მნიშვნელოვანია, რომ უკვე შეიქმნა პირველი ოპოზიციური ფრაქცია და ალბათ სხვა ფრაქციებიც შეიქმნება. ჩვენ გავამარტივებთ ფრაქციების შექმნის მექანიზმს და ეს უახლოს მომავალში მოხდება. ფრაქციის შექმნას ოთხი დეპუტატი შეძლებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამჟამად ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად სულ მცირე ექვსი დეპუტატია საჭირო.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ახალ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ შექმნეს. პარტია „ლელოს“ წევრების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, ფრაქციაში შევლენ დამოკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნაზე მუშაობს.

აქციების გარეშე

კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა მასშტაბური საპროტესტო აქციის გადადებაზე, რომელიც თბილისში 15 მაისს უნდა გამართულიყო.

ხუთშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ჩატარებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს. 

შევლენ თუ არა „ნაციონალები“ პარლამენტში

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა აქციის გადავადება და რეალურად ასეც მოხდა. მათ ხალხის მობილიზაციის არავითარი რესურსი არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია აქტიურად ემზადებოდა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გასამართად. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქვეყნის რეგიონებში მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრებს და სპეციალური საკოორდინაციო შტაბიც კი შექმნეს.

დაანონსებულ აქციაზე ოპოზიცია გეგმავდა თავისი მოთხოვნების წამოყენებას, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. პოლიტპატიმრებად ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელს მოიხსენიებდა.

დღეისთვის ნიკა მელიაც და გიორგი რურუაც გათავისუფლებული არიან. რურუამ ციხე 27 აპრილს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა. 10 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ მელია გაათავისუფლა. გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით ევროპის დემოკრატიის ფონდმა გადაიხადა.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, არჩევნები 2022 წელს დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.