აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება: სააგენტოს ანგარიში

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან ხორციელდება. რეგიონებში შეწამვლას სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები ახდენენ.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფებია მობილიზებული. აღნიშნული ჯგუფები ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ, ხოლო ტერიტორიაზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფები სადგურების მეშვეობით წერტილოვან შეწამვლას ახდენენ.

„სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დამონტაჟდა, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მეთხილე ფერმერებსა და მეფუტკრეებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობასა და ფერმერებს მოუწოდებენ ჩართულობისაკენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რაოდენობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება.

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ–ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.

2019 წლის  აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.