თბილისი „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს

დადგმა ეძღვნება იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე 19 მაისს შედგება.

2021 წელს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელი სრულდება. მარიამ ალექსიძის თბილისის თანამედროვე ბალეტი და გიორგი ალექსიძის ფონდი ამ ღირსშესანიშნავ თარიღს აღნიშნული სპექტაკლით უერთდება. 

საქართველოში გამოსცემენ საფოსტო მარკას დანტე ალიგიერის პორტრეტით

ბეატრიჩე (სავარაუდოდ, ბეატრიჩე პორტინარი) ალიგიერის ფარული მუზა და შეყვარებული იყო, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა და მალე გარდაიცვალა.

ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით შექმნა. სპექტაკლისთვის მუსიკა „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელმა, თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორრმა დარიო მარიანელიმ შექმნა. მუსიკას სცენაზე ცოცხლად შეასრულებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით.

ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია შეასრულებს. თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.

დანტე ალიგიერი (1265—1321) – უდიდესი იტალიელი პოეტი, მოაზროვნე, ღვთისმეტყველი, იტალიური ლიტერატურული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიტიკური მოღვაწე, მსოფლიო ლიტერატურული შედევრის „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორია.