მსოფლიო დღეს

საბერძნეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

საბერძნეთში 2019 წელს ტურიზმისგან შემოსავალმა 18,2 მლრდ ევრო, 2020 წელს კი მხოლოდ 4,3 მლრდ ევრო შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. 2021 წელს უცხოელი ტურისტები საბერძნეთში უსაფრთხოდ დასვენებას შეძლებენ, სახელმწიფო ამისთვის ყველა ზომას მიიღებს, განაცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ხარის თეოხარისმა. 

როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი: ჯანმოს პროგნოზი

საბერძნეთმა 14 მაისიდან ტურისტების შესვლაზე დაწესებული ყველა კოვიდ-შეზღუდვა გააუქმა.

„ჩვენ ვხსნით ტურისტულ დარგს და საბერძნეთს, როგორც ადგილს, ცნობილს სტუმართმოყვარეობითა და უსაფრთხოებით, ევროპასა და მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვაბრუნებთ“, – ციტირებს თეოხარისის სიტყვებს სააგენტო РИА Новости.

მინისტრის განმარტებით, გასულ წელს დარგმა კორონავირუსის პანდემიის დროს რთული ბრძოლა მოიგო.

მისი თქმით, საბერძნეთში ამოქმედდება ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის კომპლექსური გეგმა: ქვეყანაში შესვლის პროტოკოლი, საკარანტინო სასტუმროების ქსელის გახსნა და ვაქცინაციის დაჩქარება.

თეოხარისმა ასევე დააზუსტა, რომ ივლისის ბოლომდე საბერძნეთის 19 კუნძულის მცხოვრებლები ვაქცინირებული იქნებიან. ამასთან, 32 კუნძულზე ვაქცინაციის პროცესი უკვე დასრულდა, კიდევ 36 კუნძულზე კი მოსახლეობის იმუნიზაცია მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

საბერძნეთში 2019 წელს ტურიზმისგან შემოსავალმა 18,2 მლრდ ევრო შეადგინა, 2020 წელს კი მხოლოდ 4,3 მლრდ ევრო. სახელმწიფოში „ლოკდაუნი“ გასული წლის 7 ნოემბრიდან ამოქმედდა.