მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჩინური Sinopharm-ით აიცრა

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთნენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით საჯაროდ აიცრა. 

ირაკლი კობახიძემ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

„დღეს ვაქცინაციის კამპანიაში ვერთვები. აცრა მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას", – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 81.076 ადამიანი.