შემსუბუქდება თუ არა ღამით გადაადგილების შეზღუდვა: გაბუნიას განმარტება

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, როცა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და, სავარაუდოდ, ეს მაისის ბოლოსკენ მოხდება, საკოორდინაციო საბჭო გადახედავს ამ გადაწყვეტილებას.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

როდის შემსუბუქდება არსებული შეზღუდვები – ღიბრაძის განმარტება

„აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდება.

მისი თქმით, პირბადე, განსაკუთრებით კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პიკურ პერიოდში, თავდაცვის საშუალებაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.390-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 327.831-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.