შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე თვითგამოხატვის თავისუფლებას.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე ყველა მონაწილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ნათქვამია უწყების სპეციალურ განცხადებაში.

საქართველოში პირველად: ტრანს ქალს გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეუცვალეს

უწყების ინფორმაციით, 15-20 მაისს თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება, ამიტომ საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შსს შესაბამის ზომებს მიმართავს.

„პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და კანონით გარანტირებულ სხვა უფლებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

17 მაისს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით კი ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.