თბილისი, 14 მაისი – Sputnik. შესაძლოა ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის აღარ გახდეს პირბადის გამოყენება საჭირო და ბიზნესის ხელშეწყობისთვის კაფე-რესტორნებმა და ბარებმა შაბათ-კვირას იმუშაონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო საუბარი ნიღბის გარეშე გადაადგილების თავისუფლებაზე ვაქცინირებული პირებისთვის, ასევე არის საუბარი ღამის საათებში მოძრაობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მესმის, ბიზნესისთვის გარკვეული სტიმულები საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია", - ამბობს გაბუნია.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 81.076 ადამიანი, ვაქცინის ორი დოზა კი 13.507 ადამიანს აქვს მიღებული.