ვითარება შეიცვალა: 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია არ გაიმართება

დაანონსებულ აქციაზე ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების გამართვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და სხვა მოთხოვნების წამოყენებას გეგმავდა.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას 15 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციის გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ადრე ოპოზიცია აქტიურად ემზადებოდა პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციის გამართვისთვის. ამისთვის ოპოზიციის ლიდერებმა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და კოორდინირებული მოქმედებებისთვის სპეციალური შტაბიც შექმნეს.

„ვითარება სრულიად შეიცვალა. ამ ეტაპზე რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევებს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე აღარ არსებობს. მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო“, – განაცხადა მელიამ. 
შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა

დაანონსებულ აქციაზე ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების გამართვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და სხვა მოთხოვნების წამოყენებას გეგმავდა. „პოლიტპატიმრებად“ ოპოზიცია ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელ გიორგი რურუას მოიხსენიებდა.

დღეისათვის ორივე მათგანი თავისუფალია. რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 27 აპრილს შეიწყალა, 10 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია გირაოთი გაათავისუფლა. გირაოს თანხა 40 ათასი ლარი „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას 8 მაისს გადასცა.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.