თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა.
12 მაისს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.
ღვთისმშობლის წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.
ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.
გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.
მართალია, საქართველოში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, თუმცა ითვლება, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა, ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.
როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.