თბილისი, 12 მაისი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მზადაა იყაროს კენჭი თბილისის მერის პოსტზე, მაგრამ მხოლოდ მთელი ოპოზიციური სპექტრის შეთანხმების შემთხვევაში.
თბილისის და სხვა ქალაქებისა და რაიონების მერების არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება. დედაქალაქის მერის პოსტზე ნიკა მელიას კანდიდატურა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგმა ლიდერებმა არაოფიციალურად დაასახელეს.
მელიას განცხადებით, მას სხვა პოლიტიკური გეგმები აქვს. კანდიდატობას დათანხმდება, თუ ოპოზიციონერი კოლეგები ჩათვლიან, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა. და ამ შემთხვევაში ის კოლეგიალობისა და მეგობრობის გათვალისწინებით დათანხმდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის დაყენების საკითხზე კონსულტაციებს არ გამართავს.
ამ იდეის გაჩენის შემდეგ ოპოზიციურ სპექტრში თბილისის მერის პოსტზე მელიას კანდიდატურის დაყენების საკითხზე დისკუსია გაჩაღდა.
რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“ მელიას კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამით ოპოზიციური სპექტრის დანარჩენი ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდნენ.