მელია საქართველოს წინააღმდეგ: სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის მიმართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის ორი მუხლი დაარღვია.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სარჩელი, განაცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

ნიკა მელიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რადგან მიიჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მუხლები: „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“ და „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“, რაც მის მიმართ გირაოს გადახდის ვალდებულებას და მის დაკავებას უკავშირდება.

„ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე დღეში მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოს და რეკორდულად მცირე ხანში მოხდა სარჩელის კომუნიცირება. ხელისუფლებას ჯერ კიდევ 21 აპრილს გადმოეგზავნა კითხვები“, – განაცხადა კონდახაშვილმა.
შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა

მისი თქმით, ერთ-ერთი კითხვა მელიას პატიმრობაში მოთავსების მიზნებს ეხება.

ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.

ეს პატიმრობა მელიასთვის აღკვეთის მესამე ღონისძიება გახდა ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. პირველ ჯერზე 2020 წლის ივნისში მელიამ გირაო გადაიხადა, მაშინ მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.

40 ათასი ლარის გირაო მელიას 2020 წლის ნოემბერში დაეკისრა, მას შემდეგ, რაც მან სახალხოდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და ხალხში მოისროლა.

გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა – „ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას 8 მაისს გადასცა. ამის შემდეგ პოლიტიკოსმა ციხე დატოვა.