თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე, სოფელ წონიარისთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.
დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ქედის კლინიკიდან ის ამჟამად ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 94 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 ათასი დაშავდა.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში 1.247 ავარია მოხდა. შემთხვევების 43% თბილისზე მოდის. თბილისში მომხდარი 539 ავარიის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 645 ადამიანი.
რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში; იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში; ქვემო ქართლსა და აჭარაში.