თბილისი მზადაა, ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკების პლატფორმად იქცეს

როგორც საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკითხთა ფართო სპექტრი აქვთ გადასაწყვეტი, რომელთა განსახილველად საქართველოს დედაქალაქი როგორც დიალოგის პლატფორმა შეიძლება განიხილებოდეს.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგა არა აივაზიანთან შეხვედრის დროს ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკების ადგილად თბილისი შესთავაზა.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკითხთა ფართო სპექტრი აქვთ გადასაწყვეტი, რომელთა განსახილველად საქართველოს დედაქალაქი როგორც დიალოგის პლატფორმა შეიძლება განიხილებოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა და ყველა არსებული პრობლემა მოგვარდეს მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ ჩვენი ინიციატივები ცნობილია და ის გაჟღერდა როგორც აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ასევე ერევანში ვიზიტის დროსაც. საქართველო მზად არის, ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში შევთავაზოთ თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, თბილისში შეიძლება გადაწყდეს ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას.

 „ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ არის რესურსი, მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე გაწიოს მედიაცია საქართველომ, მაგრამ შესაძლებელია ისეთ თემებზე, რაც დაკავშირებულია ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, მცირე და საშუალო ბიზნეს პარტნიორობასთან, ხალხთა შორის ურთიერთობასთან, ჰუმანიტარული კუთხით. მზად ვართ, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიალოგი შედგეს. დარწმუნებული ვარ, თუკი ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია, ხელშესახები შედეგები დაიდოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ერევანში ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ოფიციალური ვიზიტით 12 მაისს ესტუმრა. ბოლოჯერ საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთს 2019 წელს ეწვია. მაშინ ამ პოსტს გიორგი გახარია იკავებდა.