საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს ივნისში ჩააბარებს

ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის რანგში ექვსწლიანი შესვენების შემდეგ წარდგება.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით პარლამენტის წინაშე ივნისის ბოლომდე წარდგება.

პარლამენტის რეგლამენტით, ღარიბაშვილმა დეპუტატებს მაისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს თავისი ანგარიში წერილობითი ფორმით, ხოლო ივნისში – უშუალოდ გამოვიდეს სიტყვით დეპუტატების წინაშე.

ღარიბაშვილის გამოსვლის ზუსტ თარიღს, ასევე სხდომის დღის წესრიგსა და შესაძლო დებატების ფორმატს პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.

ღარიბაშვილისთვის ეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენა პრემიერის რანგში ექვსწლიანი შესვენების შემდეგ პირველია. 2015 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ თანამდებობაზე პოსტიდან გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.