ყაზანის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაზუსტდა

თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის განცხადებით, შენობაში ცეცხლი 19 წლის ახალგაზრდამ გახსნა, რომელიც უკვე დაკავებულია.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ყაზანის სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ბავშვი დაიღუპა და 16 ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:30 საათზე ყაზანის №175 გიმნაზიაში ცეცხლი გახსნეს. გიმნაზიის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაცია ტარდება, შემოღებულია შესაბამისი რეჟიმი. 

სროლა ყაზანის სკოლაში – დაღუპულია 11 ადამიანი

ძალოვანი სტრუქტურები აუცილებელ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ. შენობიდან სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია მოხდა.

„სროლის შედეგად დაიღუპა შვიდი ბავშვი, გიმნაზიის თანამშრომლებიდან და მოსწავლეებიდან დაჭრილია 16. დაშავებულებს აუცილებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ადგილზე ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალგაზრდა, რომელმაც, სავარაუდოდ, ცეცხლი გახსნა, დაკავებულია. თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის განცხადებით, შენობაში ცეცხლი 19 წლის ახალგაზრდამ გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ოფიციალურად არის რეგისტრირებული იარაღი.