ვაქცინაციის მსურველები აცრაზე რეგისტრაციას ტელეფონის მეშვეობითაც შეძლებენ

მოქალაქეებს ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში აღნიშნულ ცხელ ხაზზე „112“-ისა და „144“-ის ოპერატორებიც გადაამისამართებენ.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ტელეფონის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველმა მოქალაქეებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 15-22.

ღიბრაძის თქმით, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური გამარტივების გზები. ამასთან, ქვეყანაში გაიზრდება აცრის კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები.

„გვსურს იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, შევახსენოთ, რომ მოქმედებს ცხელი ხაზი – 15-22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - „144“, – განაცხადა ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.