შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა

პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შესვლასთან და შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას – შევიდეს თუ არა პარლამენტში – ერთ კვირაში მიიღებს, განუცხადა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.

მელია პარტიის ოფისში პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც გუშინ რუსთავის საპატიმრო დატოვა. პოლიტიკოსმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და მომხრეებთან შეხვედრა უკვე გამართა. 

ნიკა მელიამ რუსთავის ციხე დატოვა

პარტიის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში შესვლისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციებს დღეიდან იწყებს. პარტია საკუთარი ლიდერის გათავისუფლებამდე აღნიშნულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე უარს აცხადებდა.

„პარტიაში სხვადასხვა მოსაზრების ბევრი ადამიანია, ამიტომაც პროცესი კონსულტაციის გამართვას მოითხოვს. ჩვენ ვეცდებით ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება ელოდება. პირველ რიგში ერთსულოვანი გადაწყვვეტილება უნდა იქნას მიღებული – პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას, თუ ცვლის მას სხვა გეგმით. ანუ იწყებს საპარლამენტო ცხოვრებას სხვა საქმიანობის პარალელურად თუ არა, დოკუმენტზე აწერს ხელს პარტია და ასე შედის პარლამენტში, თუ არ აწერს, მაგრამ სხვა პირობებით შედის“, – განაცხადა მელიამ.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და იგი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა – „ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.