ქართველ მსახიობს რიდლი სკოტის ახალ ფილმში ალ პაჩინოსთან ერთად გადაიღებენ

ლუკა ჩიქოვანი ექვსი წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში და პერიოდულად ჩნდება მოდელის, მსახიობის და მომღერლის ამპლუაში.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ქართული წარმოშობის ახალგაზრდა იტალიელ მსახიობ ლუკა ჩიქოვანს გადაიღებენ ჰოლივუდის საკულტო რეჟისორის რიდლი სკოტის ფილმში „გუჩის სახლი“ (House of Gucci). ამის შესახებ მსახიობმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მსახიობმა გამოაქვეყნა ფოტო გადასაღები მოედნიდან და მიაწერა: „თამაშში ვარ“.

ქართველ მსახიობს რიდლი სკოტის ახალ ფილმში ალ პაჩინოსთან ერთად გადაიღებენ

რიდლი სკოტმა თავის ფილმში მსოფლიო კინოს ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა. ფილმში მონაწილეობენ ალ პაჩინო, სალმა ჰაიეკი, ჯარედ ლეტო, ჯერემი აირონსი, ლედი გაგა, ადამ დრაივერი.

ფილმის პრემიერა 2021 წლის ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ფილმის სიუჟეტი ეყრდნობა სარა გაი ფორდენის (Sara Gay Forden) წიგნს „გუჩის სახლი: მკვლელობის, სიგიჟის, გლამურის და სიხარბის სენსაციური ისტორია“ (The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed). ფილმი მოგვითხრობს ბიზნესმენ მაურიციო გუჩის მკვლელობაზე, რომელიც 1995 წელს მოხდა. გუჩის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს მისი ყოფილი ცოლი. მას 29 წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ციხიდან ის 2016 წელს გაათავისუფლეს.

ლუკა ჩიქოვანი დაიბადა თბილისში, ხოლო ექვსი წლიდან დედასთან ერთად გადავიდა იტალიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. ჩიქოვანი საკმაოდ მრავალმხრივი ადამიანია, პერიოდულად ჩნდება მოდელის, მსახიობის და მომღერლის ამპლუაში.