AstraZeneca-ს პრეპარატით 45 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან: იწყება რეგისტრაცია

AstraZeneca-ს პრეპარატით დღემდე 55 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებოდნენ. ასაკობრივი ზღვარის შემცირებაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა იყო სამედიცინო პერსონალის მხრიდან.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას 12 მაისის 20:00 საათიდან 45 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

აპრილის დასაწყისში ექსპერტთა საბჭომ ჯანმოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა ჩატარდეს და 8 აპრილიდან ქვეყანაში ეს პირობა იყო დაცული. მაგრამ ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდებოდა მათზე, ვინც მანამდე პირველი აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით ჩაიტარა.

„თუმცა, რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად, საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ AstraZeneca-სთვის ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაციის მსურველები აცრაზე რეგისტრაციას ტელეფონის მეშვეობითაც შეძლებენ

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ AstraZeneca-სთვის ასაკობრივი ზღვარის შემცირებაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის მხრიდან იყო. მისი თქმით, სავარაუდო გართულებები, რის გამოც AstraZeneca-ზე სხვადასხვა ქვეყანამ ასაკობრივი შეზღუდვა დააწესა, ძალიან იშვიათია.

„სავარაუდო გართულებები კიდევ უფრო იშვიათია მაღალ ასაკში. თუმცა ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ 45 წლის ასაკშიც საკმარისად უსაფრთხო იქნება AstraZeneca-ს გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია, 43 ათასი დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ვაქცინების იმავე რაოდენობის მეორე პარტია ქვეყანამ 6 მაისს მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ამ დროისათვის საქართველოში AstraZeneca-ს გარდა ხელმისაწვდომია Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.