საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცე-პრემიერ არტან გრუბისთან. 

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვები.