„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა: როგორ შეეგებნენ მას მომხრეები – ვიდეო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელძღვანელმა ნიკა მელიამ რუსთავის ციხე დატოვა. როგორ დახვდნენ საპყრობილესთან პოლიტიკოსს - იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.
Sputnik

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორშაბათს, 10 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და პოლიტიკოსი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა.

მელიას 40 ათას ლარიანი გირაო 8 მაისს შეიტანეს. თანხა „ევროპის დემოკრატიის ფონდმა“ (European Endowment for Democracy) გამოყო.

ოპოზიციონერს ციხესთან მომხრეების დიდი ჯგუფი დახვდა. მელიამ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ყველას, განსაკუთრებით, ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ყველა შუამავალს.

პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად მელიამ ჯერ თანაპარტიელებთან კონსულტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებია.

მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდაზე. მას ბრალი აქვს წაყენებული 2019 წლის 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში.