საქართველო Wings for Life World Run მარათონს  უერთდება

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვებული თანხა კი ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველო წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენას – მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს Wings for Life World Run 2021 უერთდება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, Wings for Life World Run წელს მთელ მსოფლიოში განსხვავებული ფორმატით, მხოლოდ აპლიკაციით შედგება – რბენა 9 მაისს, მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს დაიწყება, ღონისძიება საქართველოში 15:00 საათზე აიღებს სტარტს. 

პანდემიის გამო საქართველოში გაუქმდა საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run

მარათონში მონაწილეთა რეგისტრაცია მარათონის ოფიციალურ გვერდზე ამ დრომდე გრძელდება – მსურველებმა  უნდა ჩამოწერონ Wings for Life World Run-ის აპლიკაცია და დარეგისტრირდნენ საქველმოქმედო მარათონზე.  ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია (8 ევრო), შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

საქველმოქმედო მარათონში, ჩვეულებრივ, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ.

Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15-25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

„აპლიკაცია ხმოვანი ფუნქციის მეშვეობით შეგატყობინებთ ინფორმაციას სტარტის, ფინიშის მანქანის დაძვრის, სიჩქარის მატებისა და რბენის დასრულების შესახებ. ამიტომ, სასურველია მონაწილეს ტელეფონთან ერთად თან ჰქონდეს ყურსასმენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული — ქალი და მამაკაცი — ისინი, ვისაც სულ ბოლოს წამოეწევა "საფინიშო მანქანა".

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მარათონის  მონაწილეები ვალდებული არიან გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები.

შარშან, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში გაუქმდა საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run, რომელიც 3 მაისს უნდა გამართულიყო.