საქართველოში ევროპის დღესთან დაკავშირებით 12 ნაგებობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოში ევროპის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა მიზანი — საქართველოს მოქალაქეებისთვის  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობების გაცნობაა.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა შენობა-ნაგებობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა, იუწყება „პირველი არხი“.

პრეზიდენტი: ევროპისთვის საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა

დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა შემდეგი ღირსშესანიშნაობები: თბილისის სატელევიზიო ანძა, მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, ბატონის ციხე (ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე), რაბათის ციხე, გორის იუსტიციის სახლი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

გარდა ამისა, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრი, ბათუმის ცენტრალური სტადიონი, დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ოზურგეთის დრამატული თეატრი, რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობა და სვანური კოშკი მესტიაში.

„ყოველთვის ვცდილობთ, ევროპის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღვნიშნოთ – ამიტომ, გვიხარია საქართველოს გარშემო ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული 12 ღირსშესანიშნაობის ნახვა“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დღეს იხსენებენ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.

ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

ევროპის დღეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით ტარდება.