თბილისი, 9 მაისი - Sputnik. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს წითელი დროშები, სტალინის პროტრეტები წარწერით „სტალინი! გამარჯვება! სოციალიზმი!“ ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვენ. აქციაზე პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოითხოვეს უარის თქმა ინიციატივაზე, რომლის თანახმად ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი შეიძლება გაჩნდეს. ზურაბიშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ მემორიალი მიეძღვნას ყველა ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1921 წლიდან, ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტიდან იბრძოდა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ ძეგლის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით დადგმა დაუშვებელია. კომპარტიის ერთ–ერთი წევრის, თემურ ფიფიას თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა, შესაძლოა, ქვეყნის ისტორიის გადაწერის სურვილს ემსახურება.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერისა და თბილისის მერის სახელზე წერილი დაწერეს, სადაც მოითხოვენ, რომ უარი ეთქვას პრეზიდენტს ამ ინიციატივაზე. ასეთივე შინაარსის წერილი ორშაბათს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზეც გაიგზავნება.