პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის საკითხზე მიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ევროკავშირის მიერ გადაცემული გირაოს თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე უკვე ჩარიცხა.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. 

როდის შეძლებს ნიკა მელია ციხის დატოვებას

„ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა მელიას პატიმრობა. ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით,  სასამართლოზეა დამოკიდებული როდის ჩანიშნავს პროცესს. ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში იქნა შუამდგომლობა შეტანილი“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხა 40 000 ლარის ოდენობით  ევროკავშირმა უკვე გადაიხადა – ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) კი აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა.

დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილება მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე. 

ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა

მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.