თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ხუთი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდეზიტისა და ყვიბისის, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მიმდებარედ მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული მუხის, თხმელას (მურყანი), წიფელის, ვერხვისა და წიწვოვანი სახეობის - ჯამში - 8.5 კუბური მეტრი ხე-ტყე.
„უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ასევე ნინოწმინდაში - მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე 0.75 მ³ პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი ჰქონდა განთავსებული. ავტომანქანა და მასზე განთავსებული ფიცარი დაილუქა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები, ხოლო მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.