საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო

ბათუმის ახალი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი სპორტული შეჯიბრებების გასამართად მზადაა. შაბათს აქ პირველი თამაში გაიმართება. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ
Sputnik

მაისში ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშები ჩატარდება, ხოლო 2023 წელს აქ გაიმართება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 21 წლამდელთა შორის.

8 მაისს თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“ პირველ მატჩს გამართავენ. ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა. კორონავირუსის პანდემიის გამო სტადიონზე დაშვებული იქნება მხოლოდ საერთო რაოდენობის 30% - თამაშს დაახლოებით 7 ათასი ქომაგი დაესწრება.

ბათუმის ახალი სტადიონი უკვე მოხვდა ბრიტანული პორტალის StadiumDB ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ახალ არენას ავლენს. ამ გამოკითხვაში სხვა დანარჩენ ოცს შორის მან საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავა და აჯობა ახალ არენებს აშშ-ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და შვეიცარიაში. პირველი ადგილი მალაიზიის სულთან იბრაჰიმის სტადიონს ხვდა წილად.

სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა. მის დაპროექტებაზე მუშაობდა თურქული კომპანია Bahadir Kul Architects , ის 20 ათას მაყურებელს იტევს.

ბათუმის სტადიონი ერთ-ერთი პირველია კავკასიაში, რომელსაც უახლესი ჰიბრიდული პრემიუმ კლასის საფარი აქვს, რომელიც დააგო ბრიტანულმა კომპანიამ SISPITCHES. ეს არის კომპანია, რომელიც მსოფლიოს სპორტულ არენებს მსოფლიო ჩემპიონატისათვის ამზადებს.