საქართველოდან ევროპაში სამშენებლო მასალების ექსპორტი დაიწყო

საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე მანქანა–დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიითაა აღჭურვილი.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სამშენებლო მასალები, რომლებსაც ქართული კომპანია Formula Construction აწარმოებს, ლიეტუვაში ექსპორტზე გავიდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო პროდუქციას ექსპორტზე გაგზავნის

საწარმო Formula Construction სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს.

საწარმო 2018 წელს შეიქმნა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი.

„გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარს ამარაგებენ, დღეს პირველი დღეა, როცა პროდუქციას ექსპორტზე უშვებენ ევროკავშირში, კერძოდ ლიეტუვაში. ძალიან გვეამაყება, რომ ეს საწარმო, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, სწორედ ჩვენი დახმარებით მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საწარმოს აქვს პერსპექტივები, გააფართოვოს ბაზარი, საქართველოში წარმოებული საშენი მასალებით ევროკავშირი მოამარაგოს და დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდოს.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.