ყვითელი ამბები

„ჩემი ქმრის ოცნება...“ – ქეთა თოფურია მალდივებიდან უცნაურ ვიდეოს აქვეყნებს

ქეთა თოფურია მალდივების ულამაზეს სანაპიროზე ქმართან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ისვენებს და იქიდან ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik

მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლე, ბიზნესმენი ლევ დენგოვი, როგორც ჩანს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დიდი ქომაგია. ამას მოწმობს ის ვიდეო, რომელსაც მომღერალი მალდივებიდან აქვეყნებს. შვებულებაშიც კი ლევი მზიან სანაპიროზე გარუჯვას და დასვენებას სპორტდარბაზში ვარჯიშს ამჯობინებს.

„ჩემი ქმრის ოცნებაა – მე ჰანტელებით სპორტდარბაზში, თუმცა არ ვიცი ეს ოცნება როდის აუხდება“, – ამბობს სიცილით ვარსკვლავი. როგორც ჩანს, მომღერალი ქმრის გატაცებას სერიოზულად არ უდგება და არც გემრიელ საკვებზე ამბობს უარს.

რამდენიმე კვირის წინ A'Studio-ს ქართველი სოლისტის მეუღლემ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ საგაზაფხულო დიეტის დაწყების შესახებ ამცნო. „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ლევმა საზოგადოებას აჩვენა, რას მიირთმევს ის მეუღლესთან ერთად, თუმცა აქვე სიცილით აღნიშნა, რომ ქეთა დიეტურ კვებას არ ემორჩილება.

მას შემდეგ, რაც მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბიზნესმენ ლევ დენგოვის წყვილი პაპარაცებმა დეკემბერში დუბაის სანაპიროზე დააფიქსირეს, მალევე ფარდა აეხადა საიდუმლოს, რომ მომღერალი ორსულად იყო, და იანვარში ქვეყანას ვაჟიც მოავლინა.

როგორც ჩანს, მომღერალმა შვებულების გატარება კვლავ მზიან სანაპიროზე ამჯობინა და სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეოები განათავსა, სადაც ოკეანე და კუნძულის კონტურები ჩანს, თავად კი იახტით ნაპირს უახლოვდება.

მომღერალი ქეთა თოფურია და მისი რჩეული ლევ დენგოვი უკვე რა ხანია, როგორც წყვილი, ყურადღების ცენტრში არიან. ქეთა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა. ის ჩვეულ დახვეწილ სტილს არ ღალატობს. ქეთა და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ.

წყვილმა გასული წლის მიწურულს იქორწინა. პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.