თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი Provax.ge შექმნა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ვებ-გვერდზე მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას:
- რატომ უნდა ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
- როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში;
- რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება;
- როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა;
- უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;
- საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.
ასევე ვებ-გვერდზე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც.
ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
5 მაისიდან დაიწყო აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის წევრების ვაქცინაცია. აცრა შეუძლიათ ასევე ტურისტულ და მასპინძლობის სექტორთან დაკავშირებულ პირებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს და კონტროლიორებს.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.
გამყრელიძე: ვაქცინირებულებმა ალკოჰოლი დალიეთ, ოღონდ ზომიერად>>
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.