თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის პარკში არ გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 9 მაისს აღნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.