საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება: გამყრელიძე განმარტავს

გამყრელიძის თქმით, ამ დრომდე სულ 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა არსებობდა, თუმცა მათი ნაწილის პირველადი ინფიცირების ნიმუშებს ლაბორატორიებში ვეღარ მიაკვლიეს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ბოლო პერიოდში გახშირებულია კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გამყრელიძე: Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს ჯანმო დღეს განიხილავს

მისი ინფორმაციით, რეინფიცირების შემთხვევები არ ვითარდება მსუბუქი ფორმებით.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დრომდე სულ 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა არსებობდა, თუმცა მათი ნაწილის პირველადი ინფიცირების ნიმუშებს ვერ მიაკვლიეს. დარჩენილი შემთხვევებიდან კი გაირკვა, რომ კორონავირუსით განმეორებით ხუთამდე პირი დაინფიცირდა.

„იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა ეს რეინფიცირება, ნიმუშები ამოღებული უნდა იყოს და, წესით, დადებითი ნიმუშები ლაბორატორიებს შენახული უნდა ჰქონდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ არის", – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, სპეციალისტები ამჟამადაც სწავლობენ კიდევ რამდენიმე ათეულ საეჭვო შემთხვევას.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 319.266-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 298.807 ადამიანი. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 4.245-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.