რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.
Sputnik

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.