თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში დღეს, გამთენიისას 43 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა.
აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. საქართველომ AstraZeneca-ს ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია 13 მარტს მიიღო.
AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. მოქალაქეებს შეუძლიათ მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. უშუალოდ აცრა კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
აპრილის დასაწყისში ექსპერტთა საბჭომ ჯანმოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა ჩატარდეს და 8 აპრილიდან ქვეყანაში ეს პირობა არის დაცული. მაგრამ ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვინც მანამდე პირველი აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით ჩაიტარა.
რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებ-პორტალზე booking.moh.gov.ge.
საქართველომ ივლისში შეიძლება Novavax-ის ვაქცინა მიიღოს>>
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია თითქმის 48 ათასი ადამიანი.