ქართველი კანონმდებლები დღეს ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრებიან

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით საჯაროდ აიცრებიან.

დეპუტატებს ვაქცინაციისთვის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) 13 საათიდან ელოდებიან.

Sinopharm-ით ვაქცინაცია შესაძლოა პოლიკლინიკებშიც განხორციელდეს

დეპუტატებისა და მინისტრების კორონავირუსზე აცრის გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით 4 მაისს დაიწყო. პირველმა ჩინური ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაიკეთა. ასევე Sinopharm-ით აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო (AstraZeneca-ს პრეპარატით). დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები>>

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.