საქართველომ ივლისში შეიძლება Novavax-ის ვაქცინა მიიღოს

საქართველო ვაქცინების მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის, Jonson&Jonson-თან და Novavax-თან აწარმოებს.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველომ ივლისში შეიძლება ამერიკული ვაქცინა Novavax-ის პირველი პარტია მიიღოს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

ვახტანგ გომელაური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

Novavax-მა კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ფაზა გაიარა. მისი ეფექტურობა 89,3%-ია. პრეპარატი ინაქტივირებული კორონავირუსის საფუძველზე შეიქმნა. მისი საფუძველია SARS-CoV-2-ის პათოგენის S–ცილა, რომელიც რეკომბინანტული ნანონაწილაკების სახით არის წარმოდგენილი. ვაქცინის შენახვა უნდა მოხდეს 2–8 გრადუს ტემპერატურაზე. Novavax-ი ეფექტურია ბრიტანული შტამის წინააღმდეგაც.

გაბუნიას თქმით, საქართველო ვაქცინების მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან აწარმოებს, მათ შორის Jonson&Jonson-თან და Novavax-თან.

საქართველოში 4 მაისიდან ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. პირველივე დღეს აღნიშნული პრეპარატით 793 ადამიანი აიცრა. ჩინური წარმოების ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს. ბოლო მონაცემებით, ჩინურ ვაქცინაზე დარეგისტრირებულია 17 ათასზე მეტი მოქალაქე.

ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.

საქართველომ Sinopharm-ის 100 ათასი დოზა აპრილში მიიღო. ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას ელოდება, თუმცა საქართველოში აღნიშნულ ვაქცინაზე მოთხოვნა უკვე გაჩნდა, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება აცრების დაწყების შესახებ.  

ჯანმომ აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით ექსპერტების შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაქცინის ორი დოზა 18-დან 59 წლამდე პირებში კორონავირუსის პრევენციისთვის ეფექტურია. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კლინიკური კვლევების თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა 78,1%-ს შეადგენს. 

ვახტანგ გომელაური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ შეიძლება ქვეყანამ კიდევ ერთი ჩინური პრეპარატის – Sinovac-ის გამოყენება დაიწყოს მანამ, ვიდრე იგი ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს.

„როგორც კი Sinopharm-ით ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შეიძლება დადგეს საკითხი Sinovac-ით ვაქცინაციის დაწყების შესახებ. ჯანმო ამ ეტაპზე ავტორიზაციის საკითხს განიხილავს და შეიძლება იმ დროისთვის, როცა ჩვენ Sinovac-ის გამოყენებას დავიწყებთ, აღნიშნული საკითხი გადაწყდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინირებული ადამიანებისთვის დამატებით მასტიმულირებელი ღონისძიებების შემოღების საკითხს, პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება, აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, ივლის–აგვისტოში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდება, სექტემბრიდან კი საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება. ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მედპერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 47.949 ადამიანმა გაიკეთა.