ქართველი მეკარე ესპანურ გრანდში – ტრანსფერი ძალიან მალე დაიხურება

ტრანსფერის შემთხვევაში „ლოკომოტივის“ მეკარე „მესტალიაზე“ იჯარის წესით ითამაშებს, „ვალენსია“ კი სურვილის შემთხვევაში მამარდაშვილს ერთ მილიონ ევროდ დაიმატებს.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანურ „ვალენსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

გიორგი მამარდაშვილი UEFA-მ აღიარა - ქართველი მეკარე საუკეთესოთა შორისაა

გავრცელებული ინფორმაციით, მესტალიური კლუბი პირველ ეტაპზე მამარდაშვილს სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში განიხილავს. მიუხედავად ამისა, ქართველი გოლკიპერი კლუბის მესამე მეკარე იქნება, რაც მის ძირითად კლუბში დაწინაურების შანსებს ზრდის. მამარდაშვილი „ლოკომოტივისგან“ თანხმობას ელოდება, რის შემდეგაც „ვალენსიაში“ იჯარის წესით გადავა, ხოლო ესპანური კლუბი მის გამოსყიდვას ერთ მილიონ ევროდ შეძლებს.

„ვალენსია“ ქართველი სპორტსმენის ტრანსფერზე თბილისის „დინამოს“ შეუთანხმდა, რადგან ახალგაზრდა მეკარე დედაქალაქელთა საკუთრებაშია და „რკინიგზელების“ კარს დროებით იცავს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილი უეფამ 2021 წლის 50 ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. მამარდაშვილს ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარედ განიხილავენ.

გიორგი მამარდაშვილმა უეფას „ევროპა ლიგის“ შესარჩევ ეტაპზე „ლოკომოტივის“ რიგებში თავი რამდენჯერმე გამოიჩინა. ის ასევე ეროვნული ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და წლის საუკეთესო მეკარის წოდებით დაჯილდოვდა.