ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივარმა „რუბინის“ თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

ქართველ ნახევარმცველს ყაზანის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივართა 90%-მა მისცა ხმა. ის ამ სეზონში უკვე მეოთხედ აირჩიეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, გულშემატკივრების აზრით, „რუბინის“ აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

კენჭისყრა „რუბინის“ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა. ქართველ ფეხბურთელს ხმა ყაზანის გუნდის გულშემატკივართა 90%-მა მისცა.

30 მლნ ევრო – „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია შეაფასა

კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში აპრილში სამი მატჩი გამართა და გამარჯვების გოლიც გაიტანა „სოჭის“ კარში (1:0). ასევე აპრილში ქართველმა ნახევარმცველმა „ურალის“ წინააღმდეგ მატჩში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მინდორზე აღარ გამოსულა.

გულშემატკივრებმა კვარაცხელია ამ სეზონში უკვე მეოთხედ აირჩიეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. მან ასევე გაიმარჯვა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა რუსეთის პრემიერ-ლიგაში, გაიტანა ოთხი გოლი და გააკეთა რვა შედეგიანი გადაცემა.