ჰამბურგის სასამართლო: პროცესი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება

რუსული გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გერმანულმა ეკოლოგიურმა ორგანიზაცია Nabu-მ მიმართა.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. როდის დაიწყება სასამართლოში გერმანელი ეკოლოგების სარჩელის განხილვა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ, ჯერჯერობით გარკვეული არ არის და თარიღი არც უახლოეს მომავალში არ დასახელდება, იუწყება РИА Новости ჰამბურგის სასამართლოზე დაყრდნობით.

„ადმინისტრაციულ სასამართლოში ზეპირი მოსმენის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის და მისი განსაზღვრა არც უახლოეს პერიოდში არ არის მოსალოდნელი“, — განუცხადეს სააგენტოს სასამართლოს პრეს-სამსახურში.

მათი თქმით, „ეს პროცესები ხშირად ძალიან რთულია და პროცედურა ბევრ დროს მოითხოვს“.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ შესაძლოა აიკრძალოს. რას უპასუხებენ რუსეთი და გერმანია

მანამდე გერმანულმა ეკოლოგიურმა ორგანიზაცია Nabu-მ სასამართლოს ფედერალური საზღვაო და ჰიდროგრაფიული სააგენტოს (BSH) ნებართვის გასაჩივრების მიზნით მიმართა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაუსრულებელ უბანს ეხება. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი გერმანიის ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს. Nabu-ს სარჩელში ხაზგასმულია, რომ პროექტი „ფეხბურთის 16 სტადიონზე უფრო მეტ ტერიტორიაზე ანგრევს საბინადრო გარემოს ზღვის ფსკერზე“.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ითვალისწინებს წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის სიმძლავრის გაზსადენის ორი განშტოების გაყვანას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. გაზსადენი რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებსა და ტერიტორიულ წყლებზე გადის. აშშ-ის ხელისუფლება ეწინააღმდეგება პროექტს. 2019 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქეთის ნაკადის“ მიმართ. შედეგად, შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობდა, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.

გასული წლის დეკემბერში Nord Stream 2 AG-მ მოახერხა მილსადენის მშენებლობის განახლება გერმანიის ეკონომიკურ ზონაში გემ „ფორტუნას“ გამოყენებით. ამჟამად მშენებლობა ფინალურ სტადიაზეა. Nord Stream 2 AG-ის ოპერატორის მონაცემებით, დარჩენილია დაახლოებით 148 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი: 120 – დანიის წყლებში და 28 – გერმანიაში (მილსადენის ორივე განშტოების საერთო სიგრძეა 2.460 კმ).