რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით აკრძალა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწიბურის ექსპორტს ქვეყნიდან ზღუდავს, რათა რუსულ ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობა შენარჩუნდეს და ფასების მკვეთრი რყევა არ მოხდეს.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. რუსეთის მთავრობის დადგენილებით, 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით იკრძალება. შესაბამისი დადგენილება სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ კვირაში ქვეყნიდან წიწიბურის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის წინადადებით გამოვიდა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება.

რუსეთმა შესაძლოა წიწიბურის ექსპორტი შეწყვიტოს

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

თვითუზრუნველყოფის დონის შემდგომი ზრდის და სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 წელს ბურღულეული კულტურების ნათესების ფართობების ზრდას გეგმავს.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით, 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.