ინდოეთის ზოოპარკში COVID-19–ით რვა ლომი დაინფიცირდა

აპრილის ბოლოს ვეტერინარებმა ლომებს შენიშნეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, ცხვირიდან სისველე და ხველება.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადის ზოოპარკში რვა ლომს კორონავირუსი დაუდგინეს – ეს ქვეყანაში ველური ცხოველებისთვის ვირუსის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა, იუწყება Times of India.

იმნაძე: საქართველო „ინდური შტამის“ გავრცელებისგან დაზღვეული არაა>>

„ნიუ–იორკის ბრონქსის ზოოპარკის შემდეგ, სადაც გასული წლის აპრილში COVID–ზე დადებითი პასუხი რვა ვეფხვისა და ლომის ანალიზის შედეგმა აჩვენა, ველურ ცხოველებში ასეთი შემთხვევები არსად დაფიქსირებულა. თუმცა ჰონგ–კონგში ვირუსი ძაღლებსა და კატებში აღმოაჩინეს“, – განაცხადა ველური ბუნების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა შირიშ უპადხიემ.

სახიფათოა თუ არა COVID-19 შინაური ცხოველებისთვის: ვეტერინარიის პროფესორი განმარტავს

აპრილის ბოლოს პარკში მომუშავე ვეტერინარებმა ლომებს შენიშნეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, ცხვირიდან სისველე და ხველება. საფარი–ზონაში დაახლოებით 10 წლის 12 ლომი ბინადრობს. ვირუსზე დადებითი შედეგი ოთხი ხვადისა და ოთხი ძუს შედეგებმა აჩვენა.

ლომებს სინჯები აუღეს და ჰაიდარაბადის სპეციალურ ლაბორატორიაში გააგზავნეს. ცენტრის მეცნიერები დაადგენენ, კორონავირუსის რომელი შტამით დაავადდნენ ცხოველები.

ინდოეთს უკვე დიდი ხანია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია. ქვეყანაში დარეგისტრირებულია 20,2 მილიონზე მეტი შემთხვევა., გამოჯანმრთელდა 16,6 მლნ ადამიანი და გარდაიცვალა 222 ათასი.